ბიოგრაფია

ირაკლი ჩარკვიანი

დაიბადა თბილისში 1961 წელს.

განათლება - კლასიკური ფორტეპიანო (1967 - 74).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლა - 1991.

თავისი პირველი სიმღერები დაწერა და შეასრულა 1976 წელს როკ ჯგუფ არიშთან ერთად. პირველი ლექსები და მოკლე მოთხრობები დაიბეჭდა საქართველოს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში 1983-1987 წლებში. მისი მეორე ჯგუფი იყო საბავშვო მედიცინა - უკრავდნენ მოსკოვში და თბილისში. ასევე ჩაწერეს ალბომი, რომელიც არ გამოსულა. საბავშვო მედიცინამ 1988 წელს ჩაატარა რამოდენიმე საქველმოქმედო კონცერტი.

1989 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული - ძველი სათამაშოები. არის რეაქტიული კლუბის თანა-დამაარსებელი. 1990 წელს კი გამოიცა ლექსების კრებული - რეაქტიული კლუბი, სადაც შესულია ირაკლის ლექსები. 1992 წელს გამოდის ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლი War is Over, ამის შემდეგ კი პირველი ალბომი Svan Songs, რომელიც ჩაიწერა გემანიაში, კიოლნში. 1994-95 წლებში მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის ორფეოსის სიკვდილი. 1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დააჯილდოვეს პრიზით საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი კომპოზიციისთვის მაწონი 1997 წელს გამოდის მისი მეორე ალბომი აფრენ და რამოდენიმე ვიდეოკლიპი. 1998 წელს მისი რომანის წყნარი ცურვის ფრაგმენტები იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში. 1999 წელს გამოდის სინგლი საქართველო, 2000 - უსაფრთხოება?, 2001 - გამოიცა ალბომი ამო?.
ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის ტაქსი (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკალის მიმართ.

ტაქსის წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Childrens Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Georgian Dance Empire (1993, ელექტრონული მუსიკა); Daira (1997) - პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა "War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით სექსი და ორღანი’78 (აგრეთვე გადაღებული იქნა ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).

2004 წელს გამოჩნდა ალბომი სავსე, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია ვიცი რომ, აქ ხარ და ნანასი. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე აირჩია.

2006 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა 33ა, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება.

მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი ძირს მეფე.